პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალური ქსელით გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალური ქსელით გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ბრალდებით, 46 წლის მამაკაცი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილის სოციალური ქსელით გავრცელებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.