
თაკო კავკასიძის ინფორმაციით, ის და კიდევ ერთი პირი, პროევროპულ პეტიციაზე ხელმომწერები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გაათავისუფლეს.
"სამსახურიდან გამათავისუფლეს. ამით დასრულდა ჩემი 10-წლიანი მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სისტემამ ვერ აიტანა ჩემს მიერ ღიად დაფიქსირებული პოზიცია და ხელის მოწერა იმ პეტიციაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვას და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გულისხმობდა.
სამინისტროს გაყოფის შემდეგ ჩემი დეპარტამენტი მოხვდა რეგიონული განვითარების სამინისტროში. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, პარტიამ და მისმა წარმომადგენელმა მინისტრმა, კახა გულედანმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ორი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა, შეუფერებელი იყო აღნიშნულ პოზიციაზე.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, საქართველოს აუცილებლად ექნება ევროპული მომავალი.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!" - წერს ის.