
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები ელენე ხოშტარიასთვის წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებენ.
მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება გაგრძელდება, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ მაინც არ შეწყდება.
"ელენე ხოშტარია არის მნიშვნელოვანი ადამიანი საერთო სახალხო ბრძოლაში, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ და მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრალდება აბსურდული და სულელურია.
ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს, ბრძოლა არ შეწყდება. დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს ერთი, დააკავებთ მეორეს, დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული - ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა, დამხობა და ქართველი ხალხის გამარჯვება. "ოცნებას" შეუძლია, გააკეთოს ის რაც სურს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის", - აცხადებენ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები.
ელენე ხოშტარია დღეს, მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ხოშტარიას თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.