პენტაგონის პრესმდივანის, პეტ რაიდერის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდმა USS Carney-მა იემენიდან გასროლილი რაკეტები ჩამოაგდო. მისი თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვიან, რა იყო სამიზნე, თუმცა, სავარაუდოდ, რაკეტები ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული.
"ეს ქმედება იყო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დემონსტრირება, რომელიც ავაშენეთ ახლო აღმოსავლეთში და მზად ვართ, გამოვიყენოთ, როცა საჭირო იქნება, დავიცვათ ჩვენი პარტნიორები და ინტერესები ამ მნიშვნელოვან რეგიონში", - თქვა მან.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა წითელი ზღვის თავზე, სავარაუდოდ, ისრაელისკენ ნასროლი რაკეტები ჩამოაგდო. CNN ამის შესახებ აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდობით წერდა. მედიის ცნობით, რაკეტები იემენიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტი მეამბოხეებმა გაუშვეს.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.