აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
"ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი", - თქვა ოსტინმა.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული ნაბიჯები გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.
ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო ძალები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, მათი დამხმარე გემები და ასევე 2000-მდე საზღვაო ქვეითი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.