პენტაგონი ადასტურებს, რომ წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდსა და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა თავდაცვის დროს სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
შეერთებული შტატების სარდლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეტევა წითელ ზღვაში ირანის მხარდაჭერით განხორციელდა. განცხადების მიხედვით, საერთაშორისო წყლებში თავდასხმა ოთხ კომერციულ გემზე მოხდა.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ჰუსიტებმა აიღეს, იემენში მოქმედმა დაჯგუფებამ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ლიბანურ ჰეზბოლასთან და რომელსაც მხარს უჭერს ირანი.
ისრაელში განაცხადეს, რომ გემებს არანაირი კავშირი არ აქვთ ისრაელთან. ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში.