პელოსის აზრით, ბაიდენი საარჩევნო კამპანიიდან უფრო ადრე უნდა გასულიყო

პელოსის აზრით, ბაიდენი საარჩევნო კამპანიიდან უფრო ადრე უნდა გასულიყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, დემოკრატიულ პარტიას შესაძლოა უკეთესი შედეგისთვის მიეღწია არჩევნებზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რბოლიდან უფრო ადრე რომ გასულიყო.

პელოსიმ, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია ვაშინგტონში, New York Times-ს განუცხადა, რომ "პრეზიდენტი ადრე რომ გასულიყო, სხვა კანდიდატებიც იქნებოდნენ".

მრავალთვიანი კრიტიკისა და თუ მოწოდებების შემდეგ, 81 წლის ჯო ბაიდენმა ივლისში შეწყვიტა საარჩევნო კამპანია და კანდიდატურაც მოხსნა. მან მალევე დაუჭირა მხარი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. 5 ნოემბრის არჩევნებზე ჰარისი დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

"პრეზიდენტი უფრო ადრე რომ გასულიყო, შესაძლოა რბოლაში სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ. მოლოდინი იყო, რომ თუ პრეზიდენტი განზე გადადგებოდა, ღია პრაიმერიზი იქნებოდა", - თქვა ყოფილმა სპიკერმა.

პელოსის თქმით, მისი აზრი, დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი ამ პროცესიდან უფრო ძლიერი გამოვიდოდა, თუმცა "ჩვენ არ ვიცით ეს, ასე არ მოხდა". როგორც მან აღნიშნა, ბაიდენის მხრიდან ჰარისის მომენტალურმა მხარდაჭერამ პრაიმერიზის ჩატარება ფაქტობრივად გამორიცხა.

"არ მგონია, რომ არჩევნების ნებისმიერი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს კამალა ჰარისის სისუსტეებზე, არამედ მის ძლიერ მხარეზე. მან ხალხს იმედი მისცა. მან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერში", - თქვა პელოსიმ.