"პატრიოტი დავკარგეთ, დიდი უსამართლობა" - ოპოზიციის წევრები კირბალში ჩავიდნენ

"პატრიოტი დავკარგეთ, დიდი უსამართლობა" - ოპოზიციის წევრები კირბალში ჩავიდნენ

კირბალში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველოს ღირსეული ხელისუფლება რომ ჰყავდეს, აგვისტოს ომის ვეტერანს ლომისას ტაძრიდან გამოასვენებდნენ.

"საქართველოს რომ ჰყავდეს ღირსეული ხელისუფლება, აუცილებლად, აგვისტოს ომის ვეტერანს გამოასვენებდნენ ლომისას ეკლესიიდან. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ძალიან მძიმეა, უყურო იმას, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის და უდიდესი რწმენისთვის, ჩვენ მოქალაქეებს რუსები როგორ გვიკლავენ", - აღნიშნა მან.

კირბალში იმყოფება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი განცხადებით, მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს. პატრიოტი ადამიანი დავკარგეთ და ეს არის დიდი უსამართლობა, რაც ხდება ქვეყანაში... 2-3 დღე გავა, მერე ისევ გაიტაცებენ ვინმეს, მოგვიკლავენ ჩვენს თანამემამულეს. საქართველოს მოქალაქე დაცულად უნდა გრძნობდეს თავს ქვეყანაში. აი, არის საოკუპაციო ხაზი აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში. ამ საოკუპაციო ხაზს აქეთ, იქეთ ხომ არ ვამბობთ, არა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა იცავდეს თუ არა საკუთარი ხელისუფლება", - განაცხადა ვაშაძემ.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.