პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გუშინ გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მიერ ორგანიზებული პრორუსულ აქციაზე "საქართველოს სიყვარულის გარდა", საუბარი სხვა არაფერზე ყოფილა.
"მოვისმინეთ ის, რომ იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და რა ვიცი, საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. რა გამოდის? გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსობას?
ეს არის, საბოლოო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ - როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასვალური", - განაცხადა მან.
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით სახელისუფლებო აქცია გაიმართა. აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულები.
აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები.
სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე ილაპარაკა. აქციაზე იმყოფებოდა ია მეტრეველიც, რომელმაც ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა, ასევე, ისაუბრა იმაზე, თითქოს "ვითომ საქართველოს მეგობრები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს".