პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულების კანონპროექტზე ამბობს, რომ მაგალითად უცნობია, ვინ აფინანსებს მოძრაობა სირცხვილიას.
სირცხვილიას დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია მათ შორის მოძრაობის ვებგვერდზეც, ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ თავად სირცხვილიას წევრებსაც. მათ რამდენიმე ორგანიზაცია აფინანსებს, მათ შორის: National Endowment for Democracy (NED); European Endowment for Democracy (EED); Open Society Georgia Foundation და Helsinki Foundation for Human Rights.
პაპუაშვილმა სირცხვილიას მაგალითზე სცადა თავისი კოლეგების კანონპროექტის მნიშვნელობაზე ხაზგასმა:
"მაგალითად ორგანიზაცია სირცხვილია, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ სამართალდამრღვევად ცნობილები მათი წარმომადგენლები და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, ვიცით გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი, საზოგადოებისთვის არ არის ეს ცნობილი, შედით მათ ვებგვერდზე და ნახავთ, [რომ არ არის]" - თქვა მან ჟურნალისტებთან.
მოგვიანებით ორგანიზაცია სირცხვილიამ პაპუაშვილს მიმართა, სანამ "აგენტების" სხვაგან ძებნას დაიწყებს, თავისივე გუნდის წევრების ბიოგრაფიით დაინტერესდეს:
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".
მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.
მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.
კანონპროექტი ბიუროზე ორშაბათს, 20 თებერვალს გავა.