პაპუაშვილი: სურვილია, სტიქია დაბრალდეს მთავრობას, იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ ფოტოს

პაპუაშვილი: სურვილია, სტიქია დაბრალდეს მთავრობას, იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ ფოტოს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციას და "ეკრანს მიღმა ანგაჟირებულ ადამიანებს" "სიძულვილის ატმოსფეროს დათესვაში" ადანაშაულებს.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ისინი "სიძულვილის გამოწვევას" ცდილობენ. მან კვლავ გაიმეორა, რომ "შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ძალა მაქსიმალურად სწრაფად მობილიზდა".

"დღეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ ოპოზიციამ და ეკრანს მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თუ რამდენად სურთ სიძულვილის ატმოსფეროს დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი, და გამოიწვიონ სიძულვილი და მათ შორის დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის.

სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიის და დეზინფორმაციისა, რომელსაც პირველივე წუთიდან, როდესაც მაშველები იყვნენ ახდენდნენ მობილიზებას და ეხმარებოდნენ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყო იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის"- თქვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, "დიდია სურვილი, რომ სტიქია ხელისუფლებად დაბრალდეს".

უკვე მე-12 დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად ეს ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს და იქნებ რამენაირად ამოიკითხონ ან ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტული სურვილი გქონდეს, ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდევ რაიმენაირად დაამძიმო და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო"- თქვა პაპუაშვილმა.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".