საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ აშშ მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მათი მოლოდინია, რომ სანქციები გაუქმდება.
პაპუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ენტონი ბლინკენისადმი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის წერილით სწორედ იმ მტკიცებულებების წარდგენა სთხოვა, რის საფუძველზეც მოსამართლეებს სანქციები დაუწესდათ.
"საუბარია იმაზე, რომ თუ მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შემზღუდველი ზომა იქნება გაუქმებული. ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება მტკიცებულება ხომ? ამიტომ თუ ეს მტკიცებულებები არის, ჩვენი მოლოდინია, და ეს იყო სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში, რომელიც მან კოლეგას მიწერა, ჩვენი მოლოდინია, ან წარმოდგენილი იქნას ქართველი ხალხის მიმართ ეს მტკიცებულებები ან თუ ეს მტკიცებულებები არ წარმოდგენილა და არ არსებობს ან არ არის საკმარისი, არ ვიცი, მაშინ გაუქმდეს ეს შეზღუდვების ზომა" - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მტკიცებულებების გარეშე "საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს კორუმპირებულად, რა თქმა უნდა, ვერ მოვახსენებინებთ".