ომის დამნაშავეებს პასუხს მართლმსაჯულება გასცემს, ამას აკეთებს ქართული ოცნება. ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მიატოვა - ჰააგის და სტრასბურგის პროცესები, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები და ჩვენ შემოვატრიალეთ და ორივე საქმე მოვიგეთ. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ის, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული 2008 წელს, უნდა იქნეს დასჯილი. ასე რომ, ომის დამნაშავეებს, მათ შორის, ვინც აწამა ანწუხელიძე, მათ მოეთხოვებათ პასუხი მართლმსაჯულების წინაშე.
მსხვერპლი ვართ ორივე, ქართველებიც და ოსებიც. ისევე როგორც ომის დამნაშავეები, რომლებიც აწამებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ასევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს.
ორი დღეა, ოპოზიციური მედია, ოპოზიცია და ენჯეოები ოს ხალხს მკვლელებს, ომის დამნაშავეებს ეძახიან. ამაზე უფრო მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს და ამას აკეთებენ ენჯეოები.
ელემენტარული ჭეშმარიტებაა ის, რომ არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას. შერიგება გულისხმობს გააზრებას იმისა, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული. სადაც საჭირო იქნება, იქ სინანული, სადაც საჭირო იქნება, იქ ურთიერთშენდობა.
თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ივანიშვილმა გორში თქვა, რომ "არჩევნების შემდეგ გამოძებნიან ძალას, ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".