ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმელების რედაქტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ " მედიაში უცხოური დაფინანსებით, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, პოლიტიკური აქტივიზმი მივიღეთ".
"სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული მედიაგამოცემებია და ეს გამოჩნდა - ამ გრანტებში და უცხოურ დაფინანსებაში ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი. თორეამ ჟურნალისტი იქ რომ არის იქ რა ჩოჩქოლი, რა ხელის ტყმევა და ასე შემდეგ ჰქონდათ პოლიციასთან, რა ესაქმებოდა პოლიციასთან ჟურნალისტებს?! გარდა იმისა, რომ აღებეჭდათ და აღეწერათ, რაც ხდებოდა იქ, როგორც ჟურნალისტებს. ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ, როდესაც ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე და დაარტყა პოლიციელს და მეორე ჟურნალისტი იტყუება, თითქოს იქ არაფერი მომხდარა"- ამბობს პაპუაშვილი.
ბათუმელების დამფუძნებელი და რედაქტორი
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს .
ამაღლობელს ბრალს სდებენ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბათუმელების თანახმად, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.