ნინო წილოსანი ქართული ოცნების ქალი დეპუტატების სახელით კვოტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი კვოტირებას პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმას უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი მთავარი ამოცანა უკვე მიღწეულია.
"ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას - პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ", - აცხადებს ის.
წილოსანი წერს, რომ მათი პოლიტიკური გუნდი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც აქამდე უჭერდნენ მხარს.
"ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. სწორედ ამიტომ შევქმენით 2 წლის წინ პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, აძლიერებს მათ და აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქალების გაძლიერებაზე აღებული პასუხისმგებლობის ერთგული რჩება და აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას", - დაწერა წილოსანმა.
პირველ აპრილს გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. პარტიაში სურთ, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. ქართული ოცნება მის მიერვე მიღებული გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერს.