ირაკლი კობახიძის აშშ-სთან "ურთიერთობის თვისებრივი გადახედვის" მუქარის შემდეგ, ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ურთიერთობის "შეჩერებით" იმუქრება.
ის ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება "ქართველი ხალხის პოზიციონირებაა" და სანქციების დაწესებას "არასამართლიან და თავხედურ" გადაწყვეტილებას უწოდებს.
"ეს არის არა მხოლოდ არასამართლიანი გადაწყვეტილება, ეს არის თავხედური გადაწყვეტილება და არა პარტნიორული. ქართველი ხალხი ხედავს იმას, ვინ არის პარტნიორი და ვინ იღებს პარტნიორულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებით. კობახიძის გზავნილი ამერიკის ელჩის მიმართ არის საქართველოს და ქართველი ხალხის პოზიციონირება, ჩვენ გვინდა პარტნიორობა, მაგრამ ცალმხრივად ამას ვერ შევძლებთ, თუ მუდმივად იქნება იქიდან უსამართლო გადაწყვეტილება და ჩვენ ამას უნდა შევხვდეთ ღიმილით, ასე ვერ იქნება.
ბუნებრივ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება, თუ მუდმივად გაგრძელდება შეერთებული შტატების მხრიდან ასე უხეშად ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, უარგუმენტოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა და ამას ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ, ამ პროცესს და ვერცერთ შემთხვევაში ვერავინ იტყვის, რატომ ვთქვით უსამართლო გადაწყვეტილებაზე ჩვენი პრეტენზია", - თქვა მაჭარაშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.