ოცნებაში ეჭვობენ, რომ გიორგი გახარიას პარტიას საჯარო მოხელეების მეილები მიაწოდეს

ოცნებაში ეჭვობენ, რომ გიორგი გახარიას პარტიას საჯარო მოხელეების მეილები მიაწოდეს

ქართულ ოცნებაში ეჭვობენ, რომ გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის საჯარო მოხელეების მეილები მიაწოდეს.

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდა.

პაპუაშვილის თქმით, "საფუძვლიანი ეჭვი აქვთ", რომ გიორგი გახარიას პარტიაში და ზოგიერთ NGO-ში არიან ადამიანები, რომლებსაც "წვდომა აქვთ პერსონალურ მონაცემებზე". ის ამბობს, რომ "მნიშვნელოვანია ამ საკითხით დაინტერესება".

"გიორგი გახარიას პარტიიდან ყველა საჯარო მოხელეს დაეგზავნა მეილები ერთი ტექსტით. რა თქმა უნდა, ეს მისამართები შეუძლებელია რომ ჰქონდეთ პარტიაში, ამიტომ, არის ეჭვი, რომ მათ პარტიაში თუ პარტიასთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებიან, მათ გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის, მეილის მისამართები და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა საჯარო მოხელეებთან ერთიანი მეილის დაგზავნა.

რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის მოხელეების მეილი კონტაქტები შეიძლება იყოს ამა თუ იმ სამინისტროს ვებგვერდზე, თუმცა ესენი არის როგორ წესი წამყვანი თანამშრომლები და თან ყველა საჯარო მოხელის მეილი არ არის ასე საჯაროდ ინტერნეტში გამოტანილი. მეორე - ეს ასეც, რომ იყოს, 50 ათასამდე საჯარო მოხელე არის და წარმოუდგენელია ამდენი ათასობით მოხელის მეილი ცალ-ცალკე შეეყვანათ და ე.წ. მეილინგ ლისტი შეექმნათ.

ამიტომ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პარტიაში თუ შორი ახლოს ზოგიერთ ენჯეოში არიან ადამიანები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ პერსონალურ მონაცემებზე და არის ეჭვი, რომ ეს ბაზა აქვთ გატანილი და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა ამ მეილების დაგზავნა. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საკითხითაც დაინტერესება", - თქვა პაპუაშვილმა.