პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ).
კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
ბიუროს სხდომა დღეს პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ჟურნალისტები არ შეუშვეს.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.