ოცნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აუქმებს, ერთპიროვნულ მმართველად დირექტორს აქცევს

ოცნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აუქმებს, ერთპიროვნულ მმართველად დირექტორს აქცევს

ერთპარტიულ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, ქართული ოცნება თეატრის მართვის ორსაფეხურიან მოდელს აუქმებს.

"პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებით თეატრს ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს თეატრის დირექტორი და გაუქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა.

ასევე, კანონპროექტით "წესრიგდება" თეატრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და საფუძვლები, მათ შორის, განისაზღვრა კონკურსის საფუძველზე, დირექტორობის კანდიდატის შერჩევის შესაძლებლობა.


კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს საკუთარი შეხედულებით ნიშნავს მინისტრი.

მინისტრი ასევე უფლებამოსილია, თეატრის დირექტორი დანიშნოს კონკურსის საფუძველზე, ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით. ან/და უარი თქვას მათი წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.

"კანონპროექტის მიხედვით ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.

იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით. ამდენად, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალური თეატრების დირექტორებზე ექნება გარკვეული ფინანსური გავლენა, რაც დამოკიდებულია მათ მიერ ნების გამოვლენასა და შესაბამის თეატრში არსებულ საშტატო ერთეულების არსებობაზე"- აღნიშნულია კანონპროექტში.