ქართული ოცნება მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებას გეგმავს. ეს განცხადება არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ხვალიდანვე დაიწყებენ მუშაობას ახალი კანონის დასაინიცირებლად, რომლითაც "დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან".
"დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს.
ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას. ჩვენ ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ის სტანდარტად წოდებული ე.წ ნორმები ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში, დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც, ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედიაბაზრისათვის იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩარევის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური, როგორც ბრიტანული კანონმდებლობა. აქ ჩვენ, ყველა თქვენგანს, თუ სურვილი იქნება, ჩაგრთავთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.