ოპოზიციის წევრები ელჩებს შეხვდნენ და არჩევნების გაყალბებაზე ესაუბრნენ

ოპოზიციის წევრები ელჩებს შეხვდნენ და არჩევნების გაყალბებაზე ესაუბრნენ

სამი ოპოზიციური პარტიის ერთობა ელჩებს შეხვდა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ანგარიში გადასცეს. შეხვედრა კოალიცია ძლიერი საქართველოს ოფისში გაიმართა და 1,5 საათი გაგრძელდა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.

ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასა და იმას, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები არჩევნების ლეგიტიმურობას ამ დრომდე არ აღიარებენ, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც ოპოზიციის წევრები საუბრობენ მათ შეფასებებზე.

როგორც ირკვევა, საუბარი არამხოლოდ არჩევნების დღეს დარღვევებს, არამედ საერთაშორისო გამოძიების საკითხსაც შეეხო. ამასთან, კითხვები დაისვა სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებითაც.

"შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ანგარიში ეხება დარღვევებსა და გაყალბების სქემებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. საუბარი იყო ძირითადად ამ საკითხებზე, თუმცა კითხვები დაისვა პროტესტთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ, რასაც პასუხი გავეცით. საერთაშორისო გამოძიებაზე, შესაძლო მექანიზმებზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, ვადასტურებ", - განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

ერთობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, დიპლომატებს აუხსნეს, რომ სამოქმედო გეგმის ფუნდამენტური ნაწილი საპროტესტო აქციებს შეადგენს:

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს, ქართული ოცნების სახით და არავინ, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობა ექნება ხელისუფლებას".

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ელჩებს უფრო მეტ ინფორმაციას მომდევნო დღეებშიც მიაწვდიან:

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდი ხვალ, ზეგ და მაზეგ იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება".