ონკოპაციენტების თქმით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა "ჩხუბი და ყვირილი" დაიწყო

ონკოპაციენტების თქმით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა "ჩხუბი და ყვირილი" დაიწყო

ონკოპაციენტების თქმით, 8 აპრილს სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტების მისამართით "ჩხუბი და ყვირილი" დაიწყო.

ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ მინისტრი ერთ-ერთი ონკოპაციენტის მხრიდან კრიტიკამ გააღიზიანა.

მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. როდესაც ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს და ერთ-ერთმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ბატონი მიხეილი გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი, ნამდვილად", - ამბობს გვანცა აფხაიძე.

ერთ-ერთი ონკოპაციენტის თქმით, დასმული კითხვის პასუხად მინისტრმა ონკოპაციენტები "კონფრონტაციაში" დაადანაშაულა.

"გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ამაზრზენი საქციელი, ეს იყო ფაქტობრივად გაჩუმება ადამიანის, რომელსაც აინტერესებდა კითხვებზე პასუხი. კითხვა დავუსვი, ვუთხარი რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და თქვენ ჩვენთან იმისთვის ხართ აქო, რომ კონფრონტაციაში შემოხვიდეთო. ამ თემას ნუ გააპოპულარულებთო, ანუ, ონკოპაციენტების თემა არ უნდა იყოს პოპულარული. ჩუმად თუ ვიქნებით, რა გაკეთდება?!", - აცხადებს ერთ-ერთი ონკოპაციენტი ტვ პირველთან საუბრისას.

***

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.

ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.

მათ ამ მოთხოვნით უწყვეტი აქციები გუშინ დაიწყეს.