ონის მერიაში მომხდარი ინციდენტის გამო მარიტა გუტაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას გამოცემა მთის ამბები ავრცელებს.
მათი ცნობით, გუტაშვილმა მერიაში ინვენტარი დააზიანა. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 7 დეკემბრეს, იმ დროს მოხდა, როცა გუტაშვილი მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა.
"მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს მარიტა გუტაშვილი ავად გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს", - წერს გამოცემა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, გუტაშვილი და თვითმხილველები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
ფორმულა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.