სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგ დასკვნას აქვეყნებს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კონსილიუმის წევრები ვივამედში 19 ოქტომბერს იმყოფებოდნენ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.
დასკვნის თანახმად, სააკაშვილს აღენიშნება საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის და კონცენტრაციის დაქვეითება და მეხსიერების გაუარესება.
"პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით - 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ", - ნათქვამია დასკვნაში.
გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.
"სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი: კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას", - ვკითხულობთ დასკვნაში.