საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, თვალყურს ადევნებენ კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ შეისწავლიან გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას.
"საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
დღეს, 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.
პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.
კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.