ომბუდსმენი: სამინისტრომ გაიზიარა პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის მოთხოვნა

ომბუდსმენი: სამინისტრომ გაიზიარა პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის მოთხოვნა

ომბუდსმენის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.

მათი ცნობით, სახალხო დამცველმა 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.

"საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული", - წერს ომბუდსმენი.

მათი ცნობით, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 11 ივნისის წერილით, იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები.

სახალხო დამცველი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.