
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 125 მოქალაქე მოინახულა. 81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში მიეწოდა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 30 ნოემბერს დაკავებული 44 მოქალაქეც მოინახულეს, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა, ხოლო ომბუდსმენის აპარატის თქმით, 11-მა რეაგირება არ ისურვა.
ასევე, მათი ცნობით, 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად კი, ხილულად სახის არეში.
"საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს.
დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა.
საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია. ️სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში", - წერია განცხადებაში.
***
პირველი დეკემბრის გამთენიისას, სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლის მანქანასა და ცრემლმდენ გაზს იყენებდნენ.
ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 30 ნოემბერს ომბუდსმენი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, იოსელიანმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.