ომბუდსმენი: დასჯის მიზნით განზრახ, მძიმე ძალადობა წამებაა

ომბუდსმენი: დასჯის მიზნით განზრახ, მძიმე ძალადობა წამებაა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალისა და თავის მიდამოში აქვთ მიღებული.

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამებაა.

"დაზიანებები პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. განზრახ, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს",- განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პერმანენტულად აწვდიან მოქალაქეთაგან მიღებულ და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

"აპარატს ასევე ექნება შესაბამისი რეაგირება დაკავებული მოქალაქეებისთვის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის ჩამორთმევის ფაქტებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს - საჯაროდ დაგმოს პოლიციის მხრიდან თითოეული ძალადობის ფაქტი და უზრუნველყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, რათა აღიკვეთოს პოლიციელების მხრიდან ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.