ომბუდსმენი ბენეფიციარებზე: სერვისების შეწყვეტა რეაბილიტაციის შედეგებისთვის საფრთხეა

ომბუდსმენი ბენეფიციარებზე: სერვისების შეწყვეტა რეაბილიტაციის შედეგებისთვის საფრთხეა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაცია მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის პროცესში აუცილებელია. მისი განცხადებით, ასეთი სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონეთათვის, მათი შეწყვეტა კი რეაბილიტაციის შედეგების დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

"სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მომზადებულ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებდა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მომსახურებების სიმცირესა და სერვისცენტრების გადატვირთულობაზე. შესაბამისად, პასუხისმგებელ უწყებებს სერვისების გაფართოებისა და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მომსახურებაში ჩართული 100-ზე მეტი ბენეფიციარის სათანადო ალტერნატიული სივრცის შეთავაზების, მომსახურების უწყვეტად გაგრძელების პროცესს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარებისკენ", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

იოსელიანი ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებსა და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბენეფიციარების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და თერაპევტების დროული და სრულყოფილი ინფორმირება, როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზებზე, ასევე, შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე.

"ამასთან, უზრუნველყონ პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კანონიერ წარმომადგენელთა არსებითი მონაწილეობა. სახალხო დამცველმა, საკუთარი ინიციატივით უკვე დაიწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა და მანდატის ფარგლებში განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას", - ნათქვამია განცხადებაში.

***

13 სექტემბერს სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით - მისი განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს და ასზე მეტ ბენეფიციარი ცენტრის გარეშე რჩება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ილიაუნის კანცლერის, ქეთი ლაკირბაიას თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლისა და კვლევის პროცესები სხვადასხვა შენობაში გადანაწილდეს.

ის, ასევე, გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ბენეფიციარები სხვა სივრცეებში გადანაწილდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ილიაუნის ამ ავარიულ შენობაში მდებარეობდა.

მოგვიანებით, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თერაპიის სეანსები არ შეწყდება და ბენეფიციარები სხვადასხვა ცენტრში გადანაწილდებიან. მათივე ცნობით, პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება.