სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს NAEC-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე არ დაუშვეს.
კერძოდ, საუბარია აბიტურიენტზე, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე ვერ გამოცხადდა.
ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვს.
"განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და "კარგი მმართველობის" პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.
საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ"- ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი აბიტურიენტი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. მას ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.
PHR-ის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე, თუმცა 2 აგვისტოს ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.