ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეოს "ბოდიშზე" ივანიშვილის "გულწრფელობის იმედი აქვს"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეოს "ბოდიშზე" ივანიშვილის "გულწრფელობის იმედი აქვს"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. დე ფაქტო საგარეო უწყება ივანიშვილის განცხადებას იწონებს და "იმედს გამოთქვამს", რომ "ივანიშვილი გულწრფელია საკუთარ განზრახვებში".

"იმედს ვიტოვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მეტად გულწრფელია საკუთარ განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებაში იპოვის სწორ სიტყვებს, რომელიც იქნება საქმესთან შესატყვისი და ეს დასრულდება აფხაზეთსა და საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო გარანტიების დოკუმენტის ხელმოწერით", - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გამოსვლა პირდაპირ არ უკავშირდება "აფხაზეთის რესპუბლიკას", მსგავსი განცხადება "შეიძლება გახდეს პროცესის დასაწყისი, რომელიც მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობისკენ მიდის".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პირდაპირ არ უკავშირდება აფხაზეთის რესპუბლიკას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადება, თუ ის გამყარებულია რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, დამყარებული წარსულის შეცდომების გადაფასებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ მობოდიშებისკენ, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდების უარყოფასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, შეიძლება გახდეს პროცესის დასაწყისი, რომელიც მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიდის", - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, "ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შინაგანი გადაფასების და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს ბევრჯერ ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში".

***

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".