ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულმა პარლამენტმა სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის პროპაგანდისტული გამოცემა აპსნიპრესი ავრცელებს.
შეთანხმება რუსეთის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მოიცავს და განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.
გამოცემის ცნობით, აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შეთანხმების რატიფიცირება 26 ივლისს მოახდინა. ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან გაუქმებულია.
ე.წ პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ალხას ბარციცის თქმით, საინვესტიციო პროექტი მოიცავს აეროდრომისა და აეროპორტის ინფრასტრუქტურის, ტერმინალების კომპლექსისა და იმ აღჭურვილობის აღდგენას, რომელიც მგზავრებისა და ბარგის გადატანას უზრუნველყოფს.
აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარეობს და ის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით 1993 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.
ბარციცის თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტზე განაცხადი უკვე ორმა ინვესტორმა შეიტანა. მისი თქმით, შეიქმნება ხელისუფლებათაშორისი კომისია რომელიც აირჩევს ინვესტორს და ხელი მოეწერება საჯარო-კერძო პარტნიორობას. მისი თქმით, გეგმას შეთანხმების რატიფიცირებიდან 20 დღეში მიიღებენ.
"ხელისუფლებათა შორის შეთანხმების" ვადა 49 წელია და ინვესტორისთვის 25 წლის ვადით გადასახადების სპეციალურ რეჟიმს მოიცავს.
ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, იუწყება სააგენტო Apsnypress.
სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი სანქტ-პეტერბურგში მოეწერა. აფხაზეთის მარიონეტულმა ხელისუფლება რუსეთის დახმარებით აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს.
აეროპორტის აღდგენისა და რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებაა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღირებს, სოხუმის აეროპორტს, როგორც საერთაშორისო აეროპორტს არ აღიარებს. შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება, რადგან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევად მიიჩნევა.
ICAO-მ 2006 წელს აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ დოკუმენტაცია ვებგვერდიდან წაშალა.