ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს. იზოლატორი დატოვა ხუთივე ოპოზიციონერმა: ასლან გვარამიამ, ომარ სმირიმ, რამაზ ჯოპუამ, გარი კოკაიამ და ალმასხან არძინბამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები 11 ნოემბერს დააკავეს. დე ფაქტო გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ ორშაბათს, "პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, 5-მა მოქალაქემ, რომლებიც ეროვნული კრების ეზოში იმყოფებოდნენ, რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს". ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საუბარია ალმას აკაბაზე.
დე ფაქტო გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებულების ნათესავებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, რათა დაკავებულების გათავისუფლება მოეთხოვათ.
ტელეგრამ არხებში ღამით ე.წ. დეპუტატთან დაპირისპირების სავარაუდო ვიდეო, ასევე შემდგომში ოპოზიციონერების დაკავების ვიდეო გავრცელდა.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონო და არაპროპორციული იყო იმასთან შედარებით, რაც მოხდა.
მომიტინგეები ღამით დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. ე.წ. პრეზიდენტის შენობასთან კი სამხედრო ტექნიკა განალაგეს.
ოპოზიციის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი სამი მთავარი გზა გადაკეტეს - გუმისთის ხიდი, ქვედა გუმისთის ხიდი და კოდორის ხიდი.