ოდიშარიას მტკიცებით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულებზე მისი განცხადება "დაამახინჯეს"

ოდიშარიას მტკიცებით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულებზე მისი განცხადება "დაამახინჯეს"

ქართული ოცნების წევრი, ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეზე გაკეთებული მისი განცხადება დამახინჯებული ფორმით გავრცელდა.

ოდიშარია სიყალბის გავრცელებაში TV პირველს და მის ჟურნალისტს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მან დეზინფორმაცია "პირადი წყენიდან გამომდინარე" გაავრცელა.

"დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიკ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, რომელიც მინდა ხაზი გავუსვა რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე, მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადი წყენიდან გამომდინარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ, გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია", - წერს ოდიშარია.

ამასთან, ფეისბუქ პოსტში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ახსენებს და მის გამოხმაურებას "უტაქტოსა და უადგილოს" უწოდებს.

"არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული "რასპასოვკა" ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის,თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია! ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში", - დაწერა ოდიშარიამ.

***

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით დააკავა.

ბექა ოდიშარიას აზრით, ამ ადამიანებმა "ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ". მისი თქმით, მათი ბრალეულობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაირკვეს.

"ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში", - თქვა ოდიშარიამ.