ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, 2012 წლამდე პოლიცია ადამიანებს "მარტივად ასახლებდა", ქართული ოცნება კი შეეცადა, რომ გამოსახლების პროცესი "უფრო ჰუმანური გამხდარიყო".
"მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა პოლიცია ძალიან მარტივად და უბრალოდ. ჩვენ შევეცადეთ, რომ გამხდარიყო ეს პროცესი ბუნებრივია, უფრო ლმობიერი და ჰუმანური. დასახვეწია გარკვეული მიმართულებები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მეც მაქვს მათ შორის პირადი მოსაზრება, როგორ შეიძლება დარეგულირდეს", - თქვა ოდიშარიამ.
23 იანვარს, აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.