საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო'ბრაიენმა ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ ნახსენებ "გლობალურ ომის პარტიაზეც" გააკეთა კომენტარი.
ო'ბრაიენმა ამ კონტექსტში კონსპირაციული თეორიები ახსენა და თქვა, რომ "ეს არის არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების საქართველოს მიმართ".
"კანონთან დაკავშირებული საკითხები არის ფართო საუბრების მცირე მიმართულება. უფრო ფართო საუბრები ეხება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია და საქართველომ ამ გლობალური ომის პარტიის ზრახვები არ უნდა შეასრულოს. ასევე, თითქოს არსებობს დასავლეთის შეთქმულება იმ მიზნით, რომ ქართული ოცნება ჩამოაშოროს ხელისუფლებას, მიუხედავად 12-წლიანი თანამშრომლობისა. ეს ჰგავს Reddit-ის გვერდის (სოციალური ქსელი, რომელიც პოპულარულია აშშ-ში) გაცოცხლებას. ჩემი აზრით, ეს არარეალური, არასწორია და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს მიმართ დამოკიდებულების არასწორი გაგებაა"- თქვა ო'ბრაიენმა.