ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეერთებული შტატების მხრიდან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას ეხმაურება.
"მე დიდად ვაფასებ იმ სწორ პოზიციას, რომელიც აშშ-მა დაიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში. სხვა ქვეყნებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია ერთის მხრივ, ეხმარებოდე ჰამასის სრულ განადგურებას და მეორე მხრივ, ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიოდე, რაც ჰამასის განადგურებას შეაჩერებს. ამიტომ, ისრაელი გააგრძელებს ჩვენს სამართლიან ომს ჰამასის აღმოსაფხვრელად", - ამბობს ნეთანიაჰუ.
8 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო. 13-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარადგინა და "დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა" მოითხოვა, ასევე, "მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება" და "ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა".