ნეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუშლის ჩვენს ძალისხმევას მძევლების გამოყვანის კუთხით

ნეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუშლის ჩვენს ძალისხმევას მძევლების გამოყვანის კუთხით

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ეწინააღმდეგება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან.

"არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. რაც შეეხება ტაქტიკურ პატარა პაუზებს, მსგავსი აქამდეც გვქონია. ვფიქრობ, შევამოწმებთ გარემოებებს, რათა მივცეთ საშუალება, შევიდეს ჰუმანიტარული ტვირთი ან გათავისუფლდნენ ცალკეული მძევლები, მაგრამ არ მგონია, რომ იქნება საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა.

მე ვფიქრობ, რომ ეს შეაფერხებს ომის ძალისხმევას, ხელს შეუშლის ჩვენს ძალისხმევას მძევლების გამოყვანის კუთხით, რადგან ერთადერთი, რაც ჰამასში ამ კრიმინალებზე მუშაობს, არის სამხედრო ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ", - ამბობს ისრაელის პრემიერი.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 240 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.