ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის პირობებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლას ეხებოდა, არ დათანხმდა. მისი განცხადებით, ღაზაში "სრულ გამარჯვებას" რამდენიმე თვეში მიაღწევენ.
"არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა სრული და საბოლოო გამარჯვებისა", - თქვა ნეთანიაჰუმ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოფიციალურმა წყარომ ეგვიპტიდან BBC-ის განუცხადა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ კაიროში დაიწყება. ეგვიპტე მხარეებს მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.
ისრაელის პრემიერმა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართა, ჰამასთან ნებისმიერი შეთანხმება გამორიცხა მანამ, სანამ ისინი ღაზას სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებენ. მისი თქმით, ისრაელი "ერთადერთი ძალაა", რომელსაც გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.
ჰამასმა 3-ფაზიანი პირობა გუშინ, 6 თებერვალს კატარი ეგვიპტის შუამავლობით წამოაყენა. ჰამასის მოთხოვნა იყო, გეგმა ოთხთვე-ნახევრის ვადაში შესრულებულიყო. პირობა ამ დროში ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ისრაელის მიერ ღაზას სექტორიდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.