ისრაელი საგანგებო მთავრობასა და ომის მართვის კაბინეტს ქმნის - ეს ინიციატივა ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნის.
საგანგებო მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, კერძოდ, ამის მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა.
საგანგებო მთავრობა ომის პერიოდში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ნეთანიაჰუსა და განცის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ერთიანობის საგანგებო მთავრობა არ მიიღებს არანაირ კანონსა თუ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ომთან კავშირში, შესაბამისად, საკამათო სამართლებრივი საკითხები საგანგებო მთავრობის მოქმედების პერიოდში არ გადაწყდება.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.
ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა".
ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.