
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეს გაბედული გადაწყვეტილება "ისტორიას შეცვლის".
"გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით, ისტორიას შეცვლის. [...]
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: "მშვიდობა ძალის მეშვეობით". პირველ რიგში ძალა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს. [...]
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თამამად უძღვება თავისუფალ მსოფლიოს. ის არის ისრაელის დიდი მეგობარი, რომლის მსგავსი არ არსებობს. ჩემი, ისრაელის მოქალაქეებისა და მთელი ებრაელი ხალხის სახელით, მთელი გულით ვუხდი მადლობას. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად ვიბრძვით", - თქვა მან.
***
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.