ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ვეტო არ დაადო, ამერიკაში დელეგაციას აღარ გაგზავნის.
პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას "პოზიციიდან გადახვევად" მიიჩნევს. ნეთანიაჰუს თქმით, რომ ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და ტყვეების გათავისუფლების მცდელობას.
"აშშ-ის პოზიციის ცვლილების ფონზე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება" - აცხადებენ ოფისში.
ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას პასუხობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი. კირბი აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება "პოლიტიკის ცვლილებას" არ წარმოადგენს.
კირბის თქმითვე, აშშ-ში შეხვედრები გაგრძელდება ისრაელის თავდაცვის მინისტრსა და უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს შორის ისე, "როგორც დაგეგმილი იყო".
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
საბჭოს წევრებმა რეზოლუციით მოითხოვეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა ისრაელსა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასს შორის, ასევე ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ისრაელის მონაცემებით ომის დაწყებისას ჰამასმა მძევლად ისრაელის 253 მოქალაქე აიყვანა.
რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა.