ნავალნის სპიკერი: ნავალნის ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც კოლონია ირწმუნებოდა

ნავალნის სპიკერი: ნავალნის ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც კოლონია ირწმუნებოდა

ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, მისი ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ იყო. ამის შესახებ იარმიში სოციალურ ქსელში წერს.

"სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის რწმუნებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის", - წერს ნავალნის სპიკერი.

მანამდე კირა იარმიშმა წერდა, რომ ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, პოლიტიკოსი 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე დაიღუპა, ხოლო ამ დროისთვის მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

სპიკერის განცხადებით, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ მათთვის გადაცემას ითხოვს.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.