დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს მიმართა, რომ პუტინის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან საბრძოლველად ახალი მეთოდები მოიძიონ.
იულია ნავალნაიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პუტინს "სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრი უწოდა" და თქვა, რომ "პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გაუკეთა ქვეყანას და ალექსეის".
ნავალნაიას თქმით, რუსეთში ათობით მილიონი ადამიანი გამოდის ომის, თუმცა არა პუტინის და სიბოროტის წინააღმდეგ, რომელსაც ის ახორციელებს. მისი თქმით, ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა უნდა დაამყარონ.
"პუტინი არ არის პოლიტიკოსი, ის არის სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრი. ის ხელმძღვანელობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ის ამის ხელმძღვანელია. ამ დაჯგუფებაში შედიან მომწამვლელები და მკვლელები, თუმცა ისინი მხოლოდ მარიონეტები არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხალხია, ვინც პუტინის გვერდითაა - მისი მეგობრები, თანამზრახველები და თქვენ უნდა იბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ და საჭიროა, ახალი მეთოდების მოძიება, მეთოდების, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ დანაშაულებრივ დაჯგუფებას.
უნდა ჩატარდეს გამოძიებები, გაიხსნას ფინანსური მაქინაციები და უნდა ვიპოვოთ ის, ვისთანაც არის კავშირში ეს მაფია თქვენს ქვეყნებშიც, ქვეყნებში, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინს და მის მეგობრებს დამალონ თავიანთი ფული და ამ შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ სანდო მეგობრები. ათობით მილიონი რუსია, რომელიც გამოდის ომის წინააღმდეგ, მაგრამ არა პუტინის და იმ სიბოროტის წინააღმდეგ, რომელსაც ის ახორციელებს. ჩვენ არ უნდა ვსჯიდეთ მათ, ჩვენ უნდა დავამყაროთ მათთან თანამშრომლობა.
პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გაუკეთა ჩემს ქვეყანას. პუტინმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გაუკეთა ალექსეის. ჩემი ქმარი ვეღარასდროს დაინახავს მშვენიერ მომავლის რუსეთს, თუმცა ჩვენ უნდა დავინახოთ ის და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ მისი ოცნება ახდეს. ბოროტება დაეცემა და მშვენიერი მომავალი დადგება", - თქვა ნავალნაიამ ევროპარლამენტში.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დაუსახელეს.
ოპოზიციონერის ცხედარი ოჯახს 9 დღის განმავლობაში არ გადასცეს. როგორც ნავალნის დედა ყვებოდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებდნენ, შვილის საიდუმლო დაკრძალვას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ციხის ტერიტორიაზე დაკრძალვით იმუქრებოდნენ. 24 თებერვალს საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
N3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.