"მიმაჩნია, რომ კანონპროექტის რეგისტრაციაც კი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა" - ამის შესახებ ლელო - საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ.
ოცნება ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის დარეგისტრირებას დღეს აპირებს. კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს კანონპროექტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება, ამიტომ, ის არა მხოლოდ იურიდიულმა, არამედ ყველა კომიტეტმა, პირველ რიგში კი, ევროინტეგრაციის კომიტეტმა უნდა განიხილოს.
"მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის რეგისტრაციის გატარებაც კი საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ამ განმარტებით ბარათში წერია ტყუილები. წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება თურმე ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია. მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელზეც მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და რუსული. ასევე, მაქვს ხელთ ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად ასეთი კანონი გააუქმა. აქ წერია ტყუილი. ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი. [...] არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი ამ ქვეყანაში.
თქვენ ახსენეთ, რომ ეს კანონი დაეწერება იურიდიულ კომიტეტს - მაინტერესებს, რატომ არ ეწერება ეს კანონი ევროინტეგრაციის კომიტეტს, პირველ რიგში და შემდეგ, ეს კანონი შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, შესაბამისად, ყველა სფეროს ამ ქვეყანაში რაც მოქმედებს, ამიტომ, ყველა კომიტეტის განსახილველია ეს, იმიტომ რომ ეს კანონი შეეხება და ასამარებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ევროპულ მომავალს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.