ნადირაძე: ივანიშვილი მოსახლეობას მძიმე რეალობაში ამყოფებს, გამოსავალი 26-ში გამარჯვებაა

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ქართველი ხალხისთვის კონკრეტული სათქმელი არაფერი აღარ დარჩა: როგორ აპირებენ ისინი უმუშევრობის, სიღარიბის, გაჭირვების დაძლევას, იმას, რომ ქვეყანა არ დაიცალოს ხალხისგან. საუბრობენ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით და როდესაც გვეუბნებიან ოჯახის სიწმინდეზე და ეროვნულ ღირებულებებზე, საქართველო რომ ქართველებისგან იცლება, ეს არის მათი ღირებულებები და ეს არის მათი მხრიდან ოჯახების დაცვა? გელათი რომ თავზე გვენგრევა და ამ ეტაპამდე მიიყვანეს, ეს არის მათი ეროვნულობის დაცვა? ეს არის ზოგადი დაპირებები, ივანიშვილის მთავარი დაპირება კი არის ნაციონალური მოძრაობის თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ნების, ქვეყნის დემოკრატიის განადგურება, რაც ნიშნავს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას, ეს კი თავის მხრივ, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ამ ქვეყნის დაცლას ხალხისგან, ამიტომ გამოსავალი არის რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, შემოვიდეს, მათ შორის, 14-მილიარდიანი დახმარება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას. ერთია, რაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი და მეორეა რა კეთდება რეალურად. რომელი მისი დაპირება შესრულდა? არცერთი! რადგან ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა საბანკო ოლიგარქია, მოქალაქეებს ტვირთად აწევთ კრედიტები, პენსიონერებს აქვთ უმძიმესი მდგომარეობა, იმის გამო რომ ელემენტარულად, წნევის წამალიც ვერ უყიდიათ, ადამიანებს არა აქვთ ამ ქვეყანაში შემოსავალი, რის გამოც უწევთ რომ თავიანთი შვილები, ქმრები, დედები, მამები დატოვონ და ქვეყნიდან წავიდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში ვერ შევქმნი სამუშაო ადგილებს და ყველა წადით უცხოეთშიო - ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოქალაქეებს ამყოფებს

განაცხადა თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.