ნეთგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებომ 10 პოლიციელი გამოჰკითხა, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე, რომელსაც მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი, ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოკითხული პოლიციის ყველა თანამშრომელი უარყოფს "მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას".
საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ბათუმელების კითხვაზე, თუ რატომ არ არის ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პასუხობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი არ არის.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს პროკურორი, შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობა სცილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს",- ამბობენ ისინი ბათუმელებთან.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.