ქართველი მუსიკოსები რუსული კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ. ფესტივალი Tbilisi Open Air წერს, რომ ვიდეო სპონტანურად არის გადაღებული და მასში მხოლოდ ის მუსიკოსები მონაწილეობენ, რომელთანაც დაკავშირება მოკლე პერიოდში მოხერხდა.
მუსიკოსები გავრცელებულ ვიდეოში სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლებს.
მიმართვას Tbilisi Open Air-ის გარდა, უერთდება TAMADA, ლუა, დათო ლომიძე, ანუშკა ჩხეიძე, ჯგუფი არა, Stia, Gvaji, afternoon version, Sophie Villy, 4D monster lobsters, Loudspeakers, ბაჩო ჯიქიძე, Killages, Psychonaut 4, Mechanical Rainbow, OBRI, OOGWAY/Soyl, Chikovani, Circus Mircus, Mao, რეზო კიკნაძე.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიზიარებდე, ან მომწონდეს რამე სახის ინიციატივა ან კანონი, რომელის მისაღებადაც მთავრობას სჭირდება იმ სადამსჯელო პოლიტიკის გატარებაა ადამიანების წინააღმდეგ, რაც დავინახეთ. არ მგონია, რომ ამდაგვარი კანონები ეროვნულ ინტერესს ემსახურებოდეს. ემსახურება რამდენიმე ადამიანის ვიწრო ინტერესს და ამაში დარწმუნებული ვარ", - ამბობს TAMADA-ს სოლისტი.
Sophie Villy-ის თქმით, თუ რეპრესიები აქამდე ფარული იყო, ახლა ეს ძალიან ცხადია. გავრცელებულ მიმართვაში მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ახლა დუმილი დანაშაულია.
"თუ ეს რეპრესიები აქამდე ფარული იყო და რაღაც დოზით მეც შემეხო, ახლა უკვე ყველაფერი ძალიან ცხადი და მკაფიოა, როგორ ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავენ. საქართველოს მთელი ისტორია იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა, ამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ხოლო დღეს დუმილი არის დანაშაული, ჩვენ არ გვაქვს დუმილის დრო და არც უფლება. დუმილი დაანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე გვიშენებია".