"მუნიციპალიტეტებში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" - 8 პარტიის განცხადება

"მუნიციპალიტეტებში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" - 8 პარტიის განცხადება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პროდასავლური პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღიარებენ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტში იწყებენ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, იმისთვის რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს.

"ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲘ 4 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲛᲝᲠᲘᲒ ᲠᲣᲡᲣᲚ ᲡᲞᲔᲪᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐᲡ ᲒᲔᲒᲛᲐᲕᲡ.

ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებით!

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲡᲠᲣᲚ ᲘᲖᲝᲚᲐᲪᲘᲐᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ ᲛᲝᲰᲧᲕᲔᲑᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲓᲔᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ. შედეგად, მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული, ქართული
სახელმწიფო.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲐ ᲐᲠᲘᲡ:

1. ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲟᲘᲛᲗᲐᲜ ᲐᲠ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ!
2. ᲣᲬᲧᲕᲔᲢᲘ, ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲘ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲤᲐᲠᲗᲝᲔᲑᲐ!
3. ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲘᲖᲝᲚᲐᲪᲘᲐᲖᲔ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲐ!

ამ ამოცანების შესასრულებლად ჩვენ 9 თვეა ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს - არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების
ფასად; ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია
და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია.

იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ჩვენს ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა!

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, იმისთვის რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებსა და ენერგიას დაეფუძნოს", - ნათქვამია განცხადებაში.

"მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას" - ამ სახელწოდებით თბილისში აქცია მიმდინარეობს.