მთავრობა სათამაშო ბიზნესს დამატებით გადასახადებს უზრდის. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, პარლამენტს წარუდგენენ ინიციატივას, რომლითაც სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთს შეცვლიან.
კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 15%-მდე გაიზრდება. ხოლო, სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა არსებული 2%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება.
"ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა - სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.
მე საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს, 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში, 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება ჩვენ 2024 წელს", - აცხადებს ღარიბაშვილი.
ამასთან, ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე "გაკვირვება" გამოხატა, რომ გასულ წელს, მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, აკრძალულიყო სათამაშო ბიზნესის რეკლამები და 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეზღუდოდათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, "მაინც საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული ამ ბიზნესში".
"აქვე, მინდა გაკვირვება გამოვხატო და მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოქალაქე კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, უბრალოდ მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როდესაც ავკრძალეთ რეკლამა, 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს შევუზღუდეთ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავუზარდოთ დამატებითი გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ამოღებული", - ამბობს ღარიბაშვილი.